logo
ENG



პუტინმა თავდაცვის სამინისტროს მოუწოდა, კურსკიდან "მტერი განდევნოს"

13 აგვ 202410:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/13/6zr18w4em2c0jrm.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს მოუწოდა, რუსეთის ტერიტორიიდან "მტერი განდევნოს". 

შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა საზღვრის საიმედო დაცვის მნიშვნელობას და თქვა, რომ ეს ასეც იქნება.

შეხვედრაზე, რომელსაც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სერგეი შოიგუ, FSB-ის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და უსაფრთხოების უწყების სხვადასხვა ხელმძღვანელი ესწრებოდა, პუტინმა თქვა, რომ "კიევის რეჟიმი" "დასავლელი ბატონების" ნებით უკვე მე-7 დღეა, სამხრეთ-დასავლეთ რუსეთშია შეჭრილი.

პუტინის ვარაუდით, შეჭრის მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციის გაუმჯობესებაა.

შეხვედრის დროს კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ დრომდე აიღეს 28 რუსული სოფელი, დაიღუპა სულ 12 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 121, მანამდე კი განაცხადა, რომ კურსკის ხელისუფლებამ ჯერჯერობით მხოლოდ მოახერხა ევაკუაციისთვის დაგეგმილი 180 000 მშვიდობიანი მოქალაქიდან 121 000-ის ევაკუაცია.

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.


close დახურვა